პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ამის შესახებ კოალიციის
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფანჯიკიძის განმარტებით, IRI ისევე, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, თუმცა, კოალიციისთვის ამ ორგანიზაციების მიერ კვლევების ჩატარების მეთოდოლოგია მიუღებელია.
„ცნობილია, რომ ისინი კვლევების ჩასატარებლად ქართულ კომპანიებს ქირაობენ. რეალურად, რესპოდენტებთან უშუალო კონტაქტი სწორედ ამ კომპანიებს აქვთ და მათ მონაცემებით მანიპულირება შეუძლიათ; სწორედ ისინი აწვდიან მონაცემებს დამკვეთებს, ანუ ამერიკულ ორგანიზაციებს. ამ კვლევების მიმართ ჩვენი უნდობლობის მიზეზიც ეს არის“- განმარტა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ხშირად ხდება, რომ აღნიშნული კვლევების შედეგები ხელისუფლებისთვის აღმოჩნდება ხოლმე მისაღები.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, პარტიული რეიტინგების ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობას“ 45%, „ქართულ ოცნებას“ 18%, „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“ კი – 9% აქვს.
IRI-ს კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.
