„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრის ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამერიკული პროექტია და მას დასავლეთიც მხარს უჭერს.
ასე აფასებს ჯაველიძე „ქართული ოცნების“ ქუთასის ორგანიზაციის აქციის დაშლის ფაქტით საქართველოში შვეიცარიის ელჩის დაინტერესებას და აღნიშნავს, რომ დიპლომატიური კორპუსი ორსახოვანია.
როგორც ჯაველიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქციის დაშლით ინტერესდებიან მაშინ, როდესაც 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის ფაქტს მათგან რეაგირება არ მოჰყოლია.
„ესაა უბედურება, დიპლომატიურ კორპუსს ორსახოვნება ახასიათებს. უარყოფითი რეაქცია აქვთ იმაზე, რომ ქუთაისში ბავშვებს უბრალოდ წყალი შეასხურეს. ჩვენ რომ 26 მაისს ჩაგვხოცეს და სისხლი დაღვარეს, მაშინ ამბობდნენ ღირსნი არიანო. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამერიკის პროექტია და მას დასავლეთიც მხარს უჭერს“ - განაცხადა ჯაველიძემ.
ჯაველიძემ აღნიშნავს, რომ „სახალხო კრების“ მიმართ დასავლეთის უარყოფით განწყობას ერთი მიზეზი აქვს - მისი თქმით, კრების წევრები არსებულ რეჟიმს რეალურად ებრძვიან, ხოლო ვინც ამ რეჟიმს რეალურად არ ებრძვის, დასავლეთი მხარს მას უჭერს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი კოალიციის ქუთაისის ოფისში სტუმრობისას ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქციის დაშლის დეტალებით დაინტერესდა.
„ზოგადად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმის ინტერესი, რომ ეს ყველაფერი დაიცვას. რაც თქვენგან მესმის, ეს არ უნდა ხდებოდეს. კიდევ გასაკეთებელი, იმისთვის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი იყოს“- განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
„ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მათ ანთებული სანთლებით წარწერა „გილოცავთ ქუთაისობას“ გამოსახეს. აქციის მიმდინარეობისას გზის ფეხით სავალ ნაწილს სატვირთო მანქანა მიუახლოვდა, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრაცია წყლის ჭავლით დაშალა.
