ჰააგაში ძვირფასეულობის მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული სანდრო გრიგოლია, გამყიდველის მკვლელობას შემთხვევითობას უკავშირებს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში დაკავებული გრიგოლია აცხადებს, მას ძარცვისას ტყვია შიშისგან გაუვარდა.
გრიგოლიას თქმით, დანაშაული ფინანსური პრობლემების გამო ჩაიდინა. მისივე განმარტებით, საიუველირო მაღაზიის გამყიდველმა მძარცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას ტყვია გაუვარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰააგაში საიუველირო მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული სანდრო გრიგოლია 2 მაისს საქართველოში ჰოლანდიის საელჩოში გამოცხადდა, რის შემდეგაც ის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლია და მისი მეგობარი ჰააგაში მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ, რა დროსაც მან გასროლით მაღაზიის გამყიდველი მოკლა.
