ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, ერგნეთში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ერგნეთის ბაზრობის
აღდგენის საკითხი არ განხილულა.
ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ბაზრობის აღდგენა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია და ამის თაობაზე ინფორმაციაც მათი მხრიდან გავრცელდა.
სანაკოევის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსული საქონლის ქვეყნის შიგნით შემოსვლა.
„თუმცა, მზად ვართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ასევე, მზად ვართ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში სავაჭრო ცენტრების გასახსნელად, სადაც ორივე მხარე ივაჭრებს“ - განაცხადა მან.
ამასთან, სანაკოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციის სტრატეგია შეიმუშავა. ამ ეტაპზე, მისი თქმით, კონკრეტული სოციალური პროგრამები მუშავდება, რომელთა განხორციელების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სოციალური მომსახურების მიღებას შეძლებს.
