მილან ცარბნოხი - დახმარებისთვის მზად ვართ, მაგრამ თქვენს პოლიტიკოსებს ვერაფერს ვუკარნახებთ
მილან ცარბნოხი - დახმარებისთვის მზად ვართ, მაგრამ თქვენს პოლიტიკოსებს ვერაფერს ვუკარნახებთ
14:17 03.05.2012
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს განცხადება მან დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ცარბნოხმა ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

„მინდა, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი, რომელსაც აირჩევთ წარმომადგენლობითი იქნება და თქვენი მოქალაქეების ნებას გამოხატავს“ – აღნიშნა მილან ცარბნოხმა.

კომისიის თანათავმჯდომარე საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებსაც შეეხო.

„მარტივი პასუხი არ არსებობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის გასატარაებელ ღონისძიებებზე. პრიორიტეტული საკითხებია – ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანი სასამართლო ხელისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, ყველა პარტიას მედიის ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს, მოქალაქეებმა კი, უნდა იცოდნენ ვინ არის მედიასაშუალებების მფლობელი“ – აღნიშნა ცარბოხმა.

იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სფეროებში ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.
„ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა თქვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ და თქვენს პოლიტიკოსებს ვერ გიკარნახებთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია“ – მიმართა ჟურნალისტებს ცარბნოხმა.

2 დღიანი მუშაობის შედეგად ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიამ განცხადება მიიღო, რომელიც ევროპარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას გადაეგზავნება.

ბეჭდვა