დიმიტრი სანაკოევი ვლადიმერ სანაკოევთან მოლაპარაკებას უარყოფს
დიმიტრი სანაკოევი ვლადიმერ სანაკოევთან მოლაპარაკებას უარყოფს
14:06 03.05.2012
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი უარყოფს  ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მან ადმინისტრაციის ყოფილ წარმომადგენელს ვლადიმერ სანაკოევს ჟენევის მოლაპარაკებებზე ექსპერტად ჩართვა შესთავაზა.
ვლადიმერ სანაკოევმა შეთავაზების შესახებ მედიასაშუალებებთან რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დიმიტრი სანაკოევის განმარტებით კი, მას არანაირი მსგავსი ინიციატივა არ ჰქონია.
„ვლადიმერი ინიციატივიანი პიროვნებაა, რომელმაც საკუთარი სურვილი გაახმაურა. ამ საკითხზე ჩვენს შორის საუბარი არ ყოფილა“-განაცხადა მან.
დიმიტრი სანაკოევმა აღნიშნა, რომ საქართველო ვლადიმერ სანაკოევის დახმარებას არ საჭიროებს, რადგანაც მას ბევრი კარგი ექსპერტი ჰყავს.
სანაკოევი ასევე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ვლადიმერ სანაკოევის მხრიდან ქართული მხარისთვის ე.წ სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციაში დახმარების სანაცვლოდ, საქართველოში მისი პირვნების რეაბილიტაცია მოხდება.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას სანაკოევისთვის თანამშრომლობა არ შეუთავაზებია. მისი მხრიდან მსგავსი რამის თქმის საფუძველი კი, შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პარლამენტში გაკეთებული განცხადება ყოფილიყო, სადაც მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ სანაკოევს საქართველოს ხელისუფლება მტრად არ განიხილავს.


ბეჭდვა