ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიამ ტერმინი „კონფლიქტი საქართველოში“ განცხადებაში დააფიქსირდა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიამ ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელშიც საქართველოში არსებულ კონფლიქტსა და დევნილების მდგომარეობაზეა საუბარი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარემ მილან ცარბნოხმა დღეს, პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დარჩიაშვილის განცხადებით, კომისიის 35 პუნქტიანი განცხადება მნიშვნელოვანი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ტექსტის შემცველია.
მისი თქმით, განცხადება შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც დარჩიაშვილმა სამად დააჯგუფა, კერძოდ, მისივე თქმით, ისინი შეეხება საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოში არსებულ კონფლიქტს და დევნილების მდგომარეობას.
„სწორია ტერმინი „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ახლა მკვიდრდება. არსებობდა ილუზია, თითქოს, აქ ეთნიკური კოფლიქტებია, აქ არის კონფლიქტი რუსეთთან. განცხადებაში შევიდა თავი, რომელსაც „კონფლიქტი საქართველოში“ ჰქვია“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
განცხადების სრული ტექსტი ხვალ ინგლისურ ენაზე გავრცელდება, შემდეგ კი, ის ქართულად ითარგმნება.
განცხადება საქართველოს ხელისუფლებას და ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
