ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისია დღეს ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს. განცხადების დეტალებზე
ქართველი და ევროპელი დეპუტატები ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე ამ წუთებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობაზე მსჯელობენ.
კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ესწრებიან, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყების წინ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კომისია ერთობლივ განცხადებასა და რეკომენდაციას შეიმუშავებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
დღესვე, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს.
