პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტვილის რაიონში გამართულ შეხვედრას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოვლითი გზებით გადმოსული პედაგოგები დაესწრნენ.
მათ დავით ბაქრაძეს ხატი უსახსოვრეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე დღეს მარტვილის რაიონის სოფლებს ეწვია და მათ სამეგრელოში მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანასაც ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო.
სოფელ ინჩხურში კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ გვეყოლება თითქმის ორმილიონ ნახევარი დაზღვეული ადამიანი, რითაც ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. უახლოეს მომავალში გაიზრდება პენსიები, რაც იქნება კიდევ ერთი და არა საბოლოო ნაბიჯი მოსახლეობის სოციალური გაუმჯობესებისკენ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
