კონტროლის პალატის წარმომადგენლები ცდილობენ ფაქტობრივი გარემოებები შექმნან, იმისთვის რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ უკანონოდ დააჯარიმონ.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა ეკა ბესელიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა.
მისი თქმით, ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ ოფისის მესაკუთრის დაკითხვას კონტროლის პალატაში თავად ესწრებოდა და დაკითხვის პროცედურასაც აკონტროლებდა.
„ვაფიქსირებდი ყველა იმ უკანონობას, რომელიც ახსნა-განმარტების მიცემის დროს იქნა დაშვებული. იყო მცდელობა, რომ დაკითხვა წინასწარ მომზადებული ისეთი კითხვებით წარემართათ, რომლის შედეგად მიღებულ ინფორმაციას კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ წინაღმდეგ გამოიყენებდა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბესელიამ.
მისივე თქმით, კონტროლის პალატას დაკითხვაზე უკანონო ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან დაკითხვას იგი ბოლომდე ესწრებოდა.
„მაგრამ არ ვიცი რა მოხდება სხვა შემთხვევებში, სადაც მესაკუთრეები ადვოკატების გარეშე დაიკითხებიან. ფაქტია, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები ცდილობენ შექმნან ფაქტობრივი გარემოებები იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ უკანონოდ დააჯარიმონ „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული პარტნიორი ორგანიზაციები“-აღნიშნა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოფისის მეპატრონის დაკითხვას კოალიციის იურისტი არჩილ კბილაშვილიც ესწრება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
კონტროლის პალატამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაქაირავებული ოფისების მესაკუთრეები დღეს 14:00 და 16:00 საათზე დაიბარა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მასში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან მიმართებაში გაწეული ხარჯების კანონიერების სწავლობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაწეულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის აშკარა შეუსაბამობა ფიქსირდება. კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოწმის სტატუსით არიან დაბარებული და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობენ.
