ესპანეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება არ მოხდეს.
ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ევროსაბჭოში საქართველოს ესპანეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. ლათინოამერიკულ ქვეყნებზე ესპანეთის გავლენა საკმაოდ დიდია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ცნობა არ მოხდეს. ესპანეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მეგობარი ქვეყნების დეპუტატებთან ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს.
ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა თბილისს დღეს ეწვია. სტუმარი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
