"ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის შეფასებით, ირაკლი ალასანია
დანამატიც აღარ არის იმ კონგლომერატში, რომელიც "ქართული ოცნების" სახით შეიქმნა.
"საქართველოში დღეს ალასანიას შეფასებები ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, რაც შეეხება გიორგი თარგამაძეს, ის "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის", ქვეყანაში უზარმაზარი პარტიის ლიდერია, თავად ალასანია დანამატიც აღარ არის იმ კონგლომერატში, რაც შეიქმნა. მით უმეტეს, იმ ახლად წარმოჩენილი გუნდის ფონზე, რომლის დემონსტრირებაც ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა", – განუცხადა "ნიუსპრესს" გიორგი ახვლედიანმა.
პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ გიორგი თარგამაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი უწოდა. გიორგი ახვლედიანის შეფასებით კი, ირაკლი ალასანიამ საკუთარ პრობლემებს უნდა მიხედოს, რადგან საზოგადოებაში მისი ლიდერად აღქმაც აღარ ხდება.
"იმ პერსპექტიული პოლიტიკოსის მითისგან, რაც 2 წლის წინ ჰქონდა, აღარაფერი რჩება. არადა, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა. თუ ალასანია ირიბ დანამატად აპირებს ყოფნას, ეს მისი არჩევანია, თუმცა, მე ამით არ ვიამაყებდი", – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, როდესაც ალასანია ამერიკიდან მოდიოდა, აჟიოტაჟი იყო, რომ ამერიკა სააკაშვილს ალასანიათი ჩაანაცვლებდა, ეს მითი დაახლოებით თვენახევარში "შემოეფშხვნა". ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ახლა ალასანიას კიდევ ერთი "მითი შემოენგრა" და ის საზოგადოებაში ლიდერად აღარ აღიქმევა, რადგან ცოტა რთულია ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ ლიდერად დარჩე, მით უმეტეს, იმ საინიციატივო ჯგუფის ფონზე, რომელიც წარმოადგინა.
"ალასანიამ ახლა იმაზე იფიქროს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, თორემ ფული კი აქვს. ალასანიამ ახლა უნდა გაუძლოს და დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ ახლად დამკვიდრებული ცენზი დააკმაყოფილოს, ანუ თუ აქამდე არსებობდა ასაკობრივი ცენზი, დღეს უკვე ახალი ცენზია შემოღებული: ადამიანი უნდა იყოს ბევრი ფულით და სექსუალურად გადამწიფებული. მე ნამდვილად არავის ვუსურვებ ჯანმრთელობის დაკარგვას", – განაცხადა ახვლედიანმა.
