ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის წარმომადგენელი ქართველებს მოუწოდებს რუსეთის ქმედებებს არ აჰყვნენ
ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის წარმომადგენელი ქართველებს მოუწოდებს რუსეთის ქმედებებს არ აჰყვნენ
12:54 02.05.2012
ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს,  კავკასიაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს არ აჰყვნენ. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ქართველ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„2012 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, მომავალ წელს კი - საპრეზიდენტო არჩევნებია. ინფორმაცია მაქვს, რომ რუსეთი სამხედრო წვრთნებს შემოდგომისთვის ამზადებს. ამიტომ, მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო, რუსეთის მხრიდან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით თუ რაიმე ნაბიჯი გადაიდგმევა, მას არ აჰყვნენ და არჩევნებზე მისვლისაგან თავი არ შეიკავონ“ – აღნიშნა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ რუსეთის მიერ კავკასიაში ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებს, თუ ის არჩევნების პერიოდს დაემთხვევა.

ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას ესპანელმა სტუმარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდას შეფასებით, საქართველო განხორციელებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მხრივ რეგიონში ლიდერია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„საქართველო არის ქრისტიანული და ევროპული სამყაროს ნაწილი. უახლოეს ხანში არა, მაგრამ იმედი მაქვს ყველა ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა