საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტმა მოსახლეობას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მიულოცა და რუსთავის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რუსთავში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია.
პრეზიდენტის თქმით, ორი წლის შემდეგ რუსთავი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი იქნება.
„ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ახალგაზრდობას აქედან არსად მოუნდეს წასვლა, მათ შორის, არც დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ კეთდება თბილისში. საქართველოს დედაქალაქი საუკეთესო უნდა იყოს, მაგრამ თბილისისთვისაც აუცილებელია, რომ მას ისეთი ქალაქი ესაზღვრებოდეს, როგორიც რუსთავია. ამიტომ, ეს უნდა იყოს საუკეთესო ქალაქი და არა უბრალოდ გარეუბანი, რადგან ეს არის ინდუსტრიული ბაზა“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2 თვეში რუსთავი-თბილისის ოთხგზიანი ავტობანის მშენებლობა დაიწყება და რუსთავიდან თბილისში ჩასასვლელად 13 წუთი იქნება საჭირო.
