"ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს
"ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს
12:18 17.02.2012
საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს,  - ამის შესახებ "ნიუსპრესს" ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სარჩელის შეტანა ამ საკითხზე საზოგადოების რეაქციის გამო გადაიფიქრა. "ყველა პოლიტიკური მოთამაშე გუშინ ამ ამბავს ნეგატიურად შეხვდა. როგორც ჩანს, საზოგადოებაში კონსენსუსი ყოფილა არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩვენი ბრალიც არის, რომ ვითარების კარგად და მკაფიოდ ახსნა ვერ მოვახერხეთ", - აღნიშნა დევდარიანმა.
ამის მიუხედავად, იგი ძველ პოზიციაზე რჩება და მიაჩნია, რომ თუ ახალი პარლამენტი 7 ივნისის შემდეგ შეიკრიბება, ეს არაკონსტიტუციური ვადა იქნება. დევდარიანის თქმით, სარჩელის შეტანას მაინც აპირებს, თუმცა უკვე არჩევნების შემდეგ, მშვიდ გარემოში.
მიხეილ დევდარიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს გუშინდელი განცხადებით, მისმა ორგანიზაციამ საზოგადოების რეაქცია შეამოწმა. მისი თქმით, სარჩელის მომზადებაზე უამრავი დრო და ენერგია დაიხარჯა და ნამდვილად მზად იყო ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" გუშინ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა.

ბეჭდვა