ბურჯანაძის დღევანდელ განცხადებაზე ფანჯიკიძე კომენტარს ვერ აკეთებს
ბურჯანაძის დღევანდელ განცხადებაზე ფანჯიკიძე კომენტარს ვერ აკეთებს
18:30 01.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის დღევანდელი განცხადების შესახებ ინფორმაციას ცნობად იღებს, თუმცა, მასზე კომენტარს ვერ აკეთებს.

„მივიღებ ცნობად იმას, რაც თქვენ მითხარით. თუმცა მე ბატონი ბიძინას ნაცვლად ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ“ - განუცხადა ფანჯიკიძემ „ნიუსპრესს“.

ამასთან, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის თქმით, მისთვის ცნობილი არ არის გასცემს თუ არა პასუხს თავად ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძის მოთხოვნას.

ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მათ დადასტურებას მოითხოვს.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, გაზეთ „ალიაში“ ივანიშვილმა ის ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა, რაც გაუგებარი და აუხსნელი ბრალდებაა.

მისივე თქმით, ივანიშვილს საზოგადოების წინაშე ბრალდების უარყოფა ან არგუმენტირება აუცილებლად მოუწევს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ივანიშვილისგან პასუხს ელის და ამის შემდეგ იმოქმედებს.

ბეჭდვა