„სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხვალ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციას შეუერთდება. ამის შესახებ „სახალხო
კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა აკაკი ჩოფლიანმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვეყანაში გაბატონებულ რეჟიმს არ შეეგუება და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ადამიანს დაუჭერს მხარს.
„ვთვლით, რომ ყველა ახალგაზრდა ვალდებულია უსამართლობის მიმართ პროტესტი გამოხატოს, მით უმეტეს ხელისუფლების მიერ უდანაშაულო ახალგაზრდების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე, სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის ბრძანებასა და მის სავალალო შედეგებზე, რამაც ათობით ჩვენი თანატოლის სიცოცხლე შეიწირა“ - განაცხადეს „სახალხო კრებაში“.
„სახალხო კრების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთდ, 2 მაისს დაგეგმილ აქციას „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციაც შეუერთდება.
„სახალხო კრებასა“ და „დემოკრატიულ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ არსებული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დემოკრატიის გზაზე დაყენება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
2 მაისის აქციის მონაწილეები საქმის გამოძიებას მოითხოვენ. ისინი ავტომობილების კორტეჟით ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის ცენტრ „ჯაზუდან“, შსს-ს და პროკურატურის შენობების მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და აქციას ე,.წ „კორტებთან“ დაასრულებენ.
