ბათუმელებმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს და გააკრიტიკეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე
დიმიტრი ლორთქიფანიძემ აცნობა.
მისი თქმით, ბათუმის პოლიტიკური და სტუდენტური წრეების წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ავანტიურად შეაფასეს.
"ბათუმის საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტს იმდენად უარყოფითად შეხვდა, რომ ინიციატორმა ლევან ვეფხვაძემ და უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა თავი უხერხულად იგრძნო. ბათუმელებმა პირდაპირ დააფიქსირეს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შედეგების ლიკვიდაციას ემსახურება" - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს ჯერ ბათუმში განიხილეს, შემდეგ კი ზუგდიდში განიხილავენ. ხვალ კომისიის წევრები ახალციხეში ჩავლენ და დაგეგმილ ცვლილებებს ახალციხის საზოგადოებას გააცნობენ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება პირს 21 წლის ასაკიდან შეეძლება. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და ქვეყანაში 10 წელი უცხოვრიათ.
საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარე კვირას თბილისში გაიმართება.
