„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ლადო გურგენიძეს მოსახლეობის ძარცვაში ადანაშაულებან.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ჯიბლაძის განმარტებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ქვეყანას 500 მილიონის ოდენობის ვალი დაადო.
ამასთან, ჯიბლაძის განმარტებით, „ლიბერთი ბანკში“ ხელისუფლებისთვის სასათბურე პირობებია შექმნილი. ასევე, როდესაც პენსიონერს საკუთარი პენსია 5-6 თვით ადრე წინასწარ გამოაქვს, ის იძულებულია ერთი თვის პენსია ბანკს დაუტოვოს.
„სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობითა და მფარველობით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძისნაირი რეკეტიორ-მევახშე-ოლიგარქები ბოგინობენ და ჩვენს მოსახლეობასა ძარცვავენ, მანამდე პატიოსანი, მშრომელი მოსახლეობისთვის სამუშაოს პოვნა და ღირსეული ხელფასის მიღება პრობლემა იქნება“ - განაცხადა ჯიბლაძემ.
მისივე თქმით, „ლეიბორისტები“ მოსახლეობას პირობას აძლევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „უკანონოდ მიტაცებული ქონება რეკეტიორ-მევახშე ოლიგარქებს“ ჩამოერთმევათ და იგი მის კანონიერ მფლობელ - ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
