პარლამენტის ახალ რეგლამენტში დეპუტატების მიმართ ფინანსური სანქციების გატარების პუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, დეპუტატს, რომელსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დღის ხელფასი დაექვითება.
გარდა ამისა, თუ კენჭისყრის და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება, მისი სახელით კი, კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში მონაწილეობა მიღებულია, მას ხელფასის 20% დაექვითება.
„თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა ევალება, პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით დარბაზში არ იმყოფება, მას იმ დღის ხელფასს დაუკავებენ“ - ნათქვამია პროექტში.
სანქციები წესდება კომიტეტების სხდომისა და პლენარული სხდომების გაცდენის შემთხვევაშიც. კერძოდ, თუ პარლამენტის წევრი, რომელიც 2 კომიტეტის წევრია, კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომას, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული დეპუტატი 1 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას ხელფასის 25% დაუკავდება.
რაც შეეხება სესიას, თუ დეპუტატი 1 თვის მანძილზე არასაპატიო მიზეზით გააცდენს პარლამენტის ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისთვის ხელფასის 10% დაუკავდება.
„თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას ხელფასის 50% დაუკავდება. პარლამენტის ბიურო კომიტეტის სხდომის არჩატარების მიზეზს განიხილავს და იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი“– აღნიშნულია რეგლამენტის პროექტში.
საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ სასესიო კვირას დაიწყება.
