მთავრობა 2012 წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯების კორექტირებას გეგმავს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ამ მიზნით ცვლილება მიმდინარე წლის ბიუჯეტში შედის.
ცვლილების დეტალებს არც მთავრობა და არც დეპუტატები ჯერ არ აკონკრეტებენ.
„სამინისტროების მხრიდან გამოთქმული იყო ცალკეული წინადადებები, რომელიც განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯების კორექტირებას ითვალისწინებს. თუ რომელ პროექტებს შეეხება, რა რაოდენობით მოხდება ბიუჯეტის კორექტირება და რა ნაწილში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება“ – განაცხადა გია ხუროშვილმა.
კითხვაზე, ბიუჯეტში ცვლილებები ხომ არ უკავშირდება 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, ხუროშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.
