უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გადადგომასთან დაკავშირებით საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან გადამდგარად ჩაითვლება. ამის შესახებ პარლამენტის
ახალ რეგლამენტშია ნათქვამი, რომლის განხილვა მომავალ სასესიო კვირაში დაიწყება.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის სპიკერს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად იღებს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, იგი წერილობით შეიძლება დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა მოტივირებული უნდა იყოს.
„პარლამენტის სპიკერი გადაყენებულად ჩაითვლება თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ“ – აღნიშნულია რეგლამენტის პროექტში.
საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტი 321 მუხლისაგან შედგება.
