გრიგოლ ვაშაძე - ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
გრიგოლ ვაშაძე - ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
19:19 30.04.2012
ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის წინ ლიტვის პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის საქართველოში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ  ვაშაძემ ჟურნალისტებს ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრის წინ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, ლიტვა საქართველოს ერთ-ერთი კარგი პარტნიორია ევროკავშირისა და ნატო-სკენ ქვეყნის სწრაფვის გზაზე, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.
ვაშაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„საქართველოს და ლიტვას პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი. ახლა საჭიროა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ქართულ ბაზარზე ლიტვური კომპანიების შემოსვლა და ქართველი კოლეგებისთვის ბიზნესგამოცდილების გაზიარება“ - განაცხადა მან.
გრიგოლ ვაშაძისა და ანდრიუს კუბილიუსის შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
ლიტვის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ, გვიან ღამით ეწვია.
დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრიუს კუბილიუსი ყვარლის რეზიდენციაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. კუბილიუსი თავის ქართველ კოლეგას ნიკა გილაურს შეხვდა. გაიმართა ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმი.
დელეგაციის წევრები ხვალ რეგიონებში ჩასვლას გეგმავენ.

ბეჭდვა