საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრონიუს კუბილიუსს საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, საკუთარ მამულში უმასპინძლა.
„მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება. ეს ერთი მხრივ, ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს ემთხვევა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთვის საქართველომ უნდა გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და რაც მთავარია, უნდა გააფორმოს თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იგი ლიტრვის პრემიერ-მინისტრთან სწორედ ამ თემებზე ისაუბრებს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მადლობელია სხვადასხვა საკითხებში ლიტვის მხარდაჭერისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრი ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვა. პრეზიდენტს კი, ანდრონიუს კუბილიუსმა საჩუქრად საერთაშორისო დოკუმენტი გადასცა.
მისი განცხადებით, დოკუმენტში ქრონოლოგიურად არის მოცემული საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობები შუა საუკუნეების შემდეგ.
„დოკუმენტში ნახსენებია იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, და კახეთის მეფე. რუსეთი კი ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა. აქ პირველადააა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. იგი დათარიღებულია 1465 წლით. ის საერთაშორისო დოკუმენტია. მედვედევს გავუგზავნოთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ესტუმრა. ის ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითთმმართველობის კომიტეტის წევრთა დელეგაციას ხელმძღვანელობს.
