გიორგი ბარამიძე - საქართველო ევროკავშირის ვიზების მიღების მაჩვენებლითაც ლიდერია
გიორგი ბარამიძე - საქართველო ევროკავშირის ვიზების მიღების მაჩვენებლითაც ლიდერია
17:52 30.04.2012
საქართველო ევროკავშირის ვიზებზე როგორც უარის თქმის, ისე ვიზების გაცემის კუთხითაც პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ბარამიძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზებზე უარის მაჩვენებლის ზრდა მთავრობისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა.

„საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს უსაყვედურა, რომლებიც პრაქტიკულად იმ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან, რომელსაც მთელი ევროკავშირის სახელით ევროკომისიამ ხელი მოაწერა. ეს სერიოზული თემაა, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ“ - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეადმისიისა და ვიზის ფასილიტაციის შესახებ ხელშეკრულებებს საქართველო პირნათლად ასრულებს, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ვიზის მიღების პროცედურას ართულებს.

„ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია “-აღნიშნა ბარამიძემ.

სახელმწიფო მინისტრი გეგმავს, აღნიშნული საკითხი ყველა ევროპელ კოლეგასთან შეხვედრაზე გაბნიხილოს.

ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია-თბილისის“ კვლევის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებლით რეგიონის ლიდერია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 15%-დან 17%-მდე მერყეობს, ნორმად კი - 3 % მიიჩნევა.












ბეჭდვა