პარლამენტში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე დღეს ქალთა მონაწილეობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
დღეს "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" შესრულების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
პარლამნეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე–სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. მანვე აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ და ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს რეკომენდაციები წარუდგინა, რომლიც გადაწყვეტილების მიმღებ ყველა დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენაა მიმართული.
რუსუდან კერვალიშვილმა მის მიერ ინიცირებულ "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა.
მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საკმაოდ მაღალია, აუცილებელი გახდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია.
რუსუდან კერვალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ იგი არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ბელგიაში მიემგზავრება, სადაც "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება.
„დაგეგმილია ბელგიის სენატში გამოსვლა, სადაც ჩვენს მიერ წარდგენილი იქნება ეროვნული სამოქმედო გეგმა გაზიარებული იქნება რეგიონის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, რეგიონი არ მოიცავს მარტო სამხრეთ კავკასიას და მისი გეოგრაფია უფრო მეტია, რაც ძალზე მნიშვნლოვანია" - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
