რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განახლებაზე „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივით დაწყებულ მოლაპარაკებებს პირველი შედეგები მოჰყვა - აღნიშნული
განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, „ქართული ლუდის კომპანიის“ და ლიმონათ „ზედაზენის“ ექსპორტი უკვე დაიწყო.
„მოსკოვის მაღაზიებში იყიდება „ნატახტარი“, ასევე, რუსულ ბაზარზე კომპანია „სარაჯიშვილის“ დაბრუნებაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პროცესის ბოლო ეტაპს ქართული პროდუქციის ლაბორატორიული ექსპერტიზა წარმოადგენს, რომელიც გენადი ონიშენკოს განცხადებით, „როსპოტრებნადზორისთვის“ სანდო ლაბორატორიამ უნდა განახორციელოს. შემოწმების ხარჯებს რუსული მხარე საკუთარ თავზე იღებს“- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადება გავრცელდა, სადაც ის რუსეთის მთავარი სანიტარის ინიციატივას ქართული პროდუქციის ექსპერტიზაზე სისულელეს უწოდებს.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი დესტრუქციული დამოკიდებულება, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის პროცესს ზიანს აყენებს. იმ შემთხევაში, თუ ამის გამო მომავალი რთველიც ისევე ჩავარდება, როგორც ეს გასულ წელს მოხდა, პირადი პასუხისმგებლობა დაეკისრება არა ვერა ქობალიას, რომლის როლიც მხოლოდ სააკაშვილის პოზიციების გახმოვანებაა, არამედ პირადად პრეზიდენტს“ - აღნიშნა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ რუსულ მხარესთან ღვინის, ჩაის, ციტრუსის და ხილის ექსპორტის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობს.
