საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები იურისტ სერგეი მაგნიტსკის საკითხთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას შეისწალიან.
საქართველოს პარლამენტისადმი კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" მიმართვის თანახმად, კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს, რუსეთის იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან, სავიზო და საფინანსო სანქციები დაწესდეს.
„საინტერესო ინიციატივაა. ვიცი, რომ არსებობს ე.წ. შავი სია, სადაც მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული თანამდებობის პირები შედიან“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კიმიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში მსჯელობა გაგრძელელდება, რადგან ევროპის სახელმწიფოების რეაქცია ამ საქმესთან დაკავშირებით საყურადღებოა.
რაც შეეხება სანქციების დაწესებას, კუბლაშვილს ამასთან დაკავშირებით წინასწარ რაიმეს თქმა უჭირს.
„ვიცი რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს შეზღუდონ გარკვეულ პირთა საბანკო ანგარიშები, მაგრამ არ ვიცი ეს საქართველოში როგორ მოხდება და რა გაგრძელება მოჰყვება, ამას დრო გვაჩვენებს“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას და მიიღოს კანონი, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის პატიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილს და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს დააწესებს.
