ბურჯანაძე - „სახალხო კრება“ 26 მაისის ღონისძიებაზე ყველა ოპოზიციური ძალის მიწვევას გეგმავდა
ბურჯანაძე - „სახალხო კრება“ 26 მაისის ღონისძიებაზე ყველა ოპოზიციური ძალის მიწვევას გეგმავდა
13:58 30.04.2012
„სახალხო კრებას“ 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე ყველა პოლიტიკური ოპოზიციური ძალის მიწვევა ჰქონდა განზრახული. 
"ჩვენ მიგვაჩნდა, რომ თუნდაც წლევანდელ 26 მაისს მაინც, ოპოზიციური ძალების მხრიდან ერთიანობის და სოლიდარობის გამოხატვა, ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა"- ამის შესახებ განცხადება "სახალხო კრების" წარმომადგენელმა და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, კრების მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიების შესახებ ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის კოლიცია „ქართულმა ოცნებამაც“.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „სახალხო კრების“ წევრს ლუკა კურტანიძეს ფილარმონია ღონისძიებისთვის უკვე დაჯავშნული ჰქონდა და „ქართული ოცნებაც“ ამის თაობაზე ინფორმირებული იყო.
„დაგეგმილი გვქონდა ყველა პარტიის მოწვევა, მიხედავად იმისა, ვართ თუ არა სიმპათიით განწყობილი მათ მიმართ“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან „სახალხო კრებასთან“ ღონისძიებების ჩატარებაზე არც კონსულტაცია გამართულა და მათ ელემენტარული ინფორმაციაც არ მიუწოდებიათ.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც არაკორექტულია. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებდით, თუმცა, სოლიდარობა ორმხრივი უნდა იყოს“-აღნიშნა ბურჯანაძემ.
„სახალხო კრებამ“ 26 მაისს ფილარმონიაში დაგეგმილი ღონისძიება მას შემდეგ გააუქმა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 26-27 მაისს სტადიონზე აქცია დაგეგმა.

ბეჭდვა