საქართველოს მოქალაქეები სამომავლოდ ევროკავშირის ვიზებს უფრო გამარტივებულად მიიღებენ - აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკა ვიზებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრია.
„ვიზების გაცემა მარტივად არ ხდება, სწორედ ამიტომ, მისასალმებელია, რომ ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი გვაქვს, რომელიც მთელი რიგი ჯგუფებისთვის ვიზების გაცემას გამარტივებული პროცესით გულისხმობს“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, იგი ორგანიზაცია „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემიის“ მიერ ჩატარებულ კვლევას არ იცნობს.
„ჩვენ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ გამარტივებული რეჟიმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების მიღება ბევრად უფრო მარტივი იქნება“- აღნიშნა კალანდაძემ.
ორგანიზაციამ „ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად საქართველოს მოქალაქეები 15%-ს ევროკავშირის ვიზას არ აძლევენ.
