ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით, საქართველოს მიერ წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეულწილად ლიტვის მხარდაჭერის დამსახურებაა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ლიტველ კოლეგასთან ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლიტვა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.
„ვგეგმავთ ევროპასთან უვიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ბოლომდეა მისაყვანი თავისუფალი ვაჭრობისა და ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებები. 2013 წელს ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და იმედია ამ ხელშეკრულებების ბოლომდე მიყვანის პროცესი მისი თავმჯდომარეობის პერიოდში გარკვეულ ეტაპს მიაღწევს“- განაცხადა გილაურმა.
პრემიერმა ლიტვა-საქართველოს შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
