პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერის ნათესავი
თამაზ თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, დღეს მისი მხარდამჭერის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს და სასამართლო იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაც პრეზიდენტს სურს.
,,სააკაშვილის ქვეყანაში შეგიძლია მკვლელობა ჩაიდინო, შემდეგ ფული გადაიხადო და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაგათავისუფლონ. მხოლოდ თამაზაშვილის შემთხვევაში არ იმუშავა საპროცესო გარიგებამ და შეთანხმება ვერ შედგა’’ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ თამაზაშვილი პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდება და კოალიციის ხელისფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმუშავებს.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
