"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რა თქმა უნდა,
საშუალება უნდა ჰქონდეთ რომ მეჩეთში ილოცონ, მაგრამ ამ სალოცავების მშენებლობა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
"ჩემი მონაცემებით, ბათუმში მცხოვრები მუსულმანებისთვის არის საკმარისი რაოდენობის მეჩეთი. რატომ უნდა აშენდეს ახალი, თუ ამის საჭიროება არ არის. ხოლო თუ საჭიროება დადგება, მაშინ საკითხი მსჯელობის და შეთანხმების შემდეგ უნდა გადაწყდეს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, თურქეთი საქართველოს სერიოზული სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, თუმცა ამავდროულად არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
"მას როცა საკუთარი ინტერესებისათვის დასჭირდა , სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაამკაცრა. ასეთ შემთხვევაში საქართველოც ანალოგიურად უნდა მოქცეულიყო" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი განმარტებით, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშნებლობა, ფაქიზი თემაა და ამას ხელისუფლება ყურადღებით უნდა მოეკიდოს. "მინდა ყველას ვთხოვო, ქრისტიანებსაც და მუსლიმ თანამემამულეებსაც, არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ პროვოკაციას. არავის უნდა მივცეთ საშუალება ეს თემა ურთიერთდაპირისპირების და განხეთქილების საგნად აქციოს" - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-საქართველოს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობა დაიწყება.
