პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.
„თეთრების“ ლიდერის შეფასებით, სააკაშვილი ვითომ ებრძვის პუტინს, სინამდვილეში კი საქართველოს ამარცხებს.
„სახლში რაც კი გადასახადი მოგვდის, გაზის, წყლის,დენის ყველაფრის უკან რუსეთი დგას. წინა არჩევნების დროს, ხრამი-1, ხრამი-2, ხრამი-3 და ხრამი-4 რუსეთს მიჰყიდეს. მაშინდელი შეთანხმებით 2013 წლისთვის ამ ჰესებზე გამომუშავებული დენის ტარიფი კლებისკენ უნდა წასულიყო, თუმცა რუსებს ეს თარიღი2023 თუ 2024 წლამდე გადაუწიეს“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
თემურ შაშიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს პრეზიდენტი სააკაშვილი წინასაარჩევნო ტყუილებში ამხილონ.
„იქ სადაც სააკაშვილი ჩადის და მოსახლეობას უსირცხვილოდ ატყუებს, იმავე დღეს ან მეორე დღეს ადგილობრივ ტელევიზიებში ოპოზიციამ უნდა შეძლოს ექსპერტის გამოყვანა და სააკაშვილის ნალაპარაკევის გაანალიზება. ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ეს კაცი მატყუარაა“ - ნათქვამია „თეთრების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
