რუსული კაპიტალი საქართველოში დიდი ხანია შემოსულია და მას არაფერი დაუშავებია. ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს ეკუთვნის.
„ფული ფულია, ბიზნესი ბიზნესია, ხოლო პოლიტიკა ამ შემთხვევაში სხვაა. თითოეული რუსული ფირმის წარმომადგენელს ესმის, რომ თუ მათ მოქმედებებში საბოტაჟის ნიშნები გაჩნდება, ეს კონტრაქტები შეწყდება. ომის პერიოდში, საბრძოლო მოქმედებების დროსაც კი ვყიდდით ელექტროენერგიას რუსეთში“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გივი თარგამაძემ.
მისი თქმით, თუ ეს ფული საქართველოში ჩაიდება თუნდაც ჰიდროელექტროსადგურების ან რაიმე ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ამაზე უარის თქმა სისულელე იქნება.
„ეს დაახლოებით იგივეა, რაც რუსი ტურისტები. რაც მეტი ტურისტი ჩამოვა რუსეთიდან მით მეტი ფული შეხვდება რიგით ქართველ მოქალაქეს“ – განაცხადა თარგამაძემ.
პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი კაპიტალი, ინვესტიცია მისასალმებელია.
