სააკაშვილი - ძველი მენტალიტეტის მატარებელი სახელმწიფო საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს
სააკაშვილი - ძველი მენტალიტეტის მატარებელი სახელმწიფო საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს
18:55 27.04.2012
რუსეთს საქართველოს მსგავსი რეფორმების გატარება არა ქვეყნის სიდიდის გამო, არამედ წარსულში ჩარჩენილობის გამო არ შეუძლია.  ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“, „ჩაღლარის“ ოლიმპიადაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკური ელიტა ძველი მენტალიტეტისაა, საქართველომ კი, რეფორმების გატარება მენტალიტეტის ცვლილებით შეძლო.
„გუშინ ერთ-ერთი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ მათ მოსწონთ საქართველოს რეფორმები, მაგრამ მათი ქვეყანა დიდია და ამიტომ ვერ ახორციელებენ. რამდენადაც ისინი ცდილობდნენ საქართველო დაემცირებინათ, მით უფრო გამოუვიდათ იმის აღიარება, რომ ჩვენ შევძელით წარმოუდგენელი რამ, მათ კი, ეს არ შეუძლიათ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოების განწყობა და ხედვა ფუნდამენტურად შეიცვალა. შესაბამისად, მათ, ვინც ძველ ხელისუფლებას ეჭიდება, არანაირი პერსპექტივა არა აქვს.
„ძველი მენტალიტეტის მატარებელი სახელმწიფო ვერასოდეს მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას. ძალინ დაბალია იმის შესაძლებლობა, რომ რომ საზოგადოება მათ ისევ გაჰყვეს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა