"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს თავისი გარემოცვა მართლაც არწმუნებს, რომ
"ქართული ოცნების" 44 რაიონული და რეგიონული სტრუქტურა უკვე შექმნილია და მუშაობს, თუმცა მისივე თქმით ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მან ზუსტად იცის, რომ ცალკეულ რაიონებში ივანიშვილის პარტიას ნამდვილად აქვს დასაყრდენი, თუმცა არა მთელი საქართველოს მასშტაბით. "ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ რომ ბატონმა ბიძინამ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეყრდნობა არარსებულ სტრუქტურებს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" რაიონულ ოფისებში ბიძინა ივანიშვილის სახელით მიდიოდნენ პირები, რომლებიც "დემოკრატიული მოძრაობის წევრებს "ქართული ოცნების მხარეს გადასვლას სთავაზობდნენ.
"მე არ ვთვლი, რომ ეს დავალება უშუალოდ ივანიშვილისგან მოდიოდა. ჩემი აზრით ეს ადგილობრივების ინიციატივა იყო. თუმცა სასურველია ეს ყველაფერი გაკონტროლდეს და ერთი ორგანიზაციის გაძლიერება მეორეს დასუსტების ხარჯზე არ მოხდეს" - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
