„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი გურამ ჩახვაძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას პროგნოზირებს.
ამის შესახებ გურამ ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
„პუტინის გეგმა, რომ 2015 წლამდე ევროაზიული კავშირის შექმნა უნდა დასრულდეს, საეთაშორისო დამკვირებელებისა და ექსპერტების მხრიდან „საბჭოთა კავშირის“ რეანიმაციის „მცდელობით აიხსნება. ევროაზიული კავშირი სტრატეგიულ დატვირთვას საქართველოსა და აზერბაიჯანის გაწევრიანებით იძენს, რაც რუსეთის სამხრეთ კავკასიაზე გავლენის შენარჩუნების ძირითადი ფაქტორია. საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ კაპიტულაციის გზით არის შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ისეთი ძალები მოვლენ, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ“- განაცხადა ჩახვაძემ.
დეპუტატის თქმით, ამ გეგმის განხორციელების ძირითად მოთამაშედ რუსეთი „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებს.
„თუ კოალიცია ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა, საქართველო არამარტო საგარეო კურს შეიცვლის, არამედ დამოუკიდებლობას დაკარგავს“ - აღნიშნა ჩახვაძემ.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოება რუსული გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს და ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას გააძლიერებს.
