საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას არაკაცური უწოდა.
გივი თარგამაძე დღეს ირაკლი ალასანიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნას ეხება.
მან ალასანიას განცხადება 3 კომპონენტის მიხედვით შეაფასა. მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სიბეცე იყო, ქვეყანასთან მიმართებაში - მავნებლობა და ადამიანური თვალსაზრისით - ნამდვილი არაკაცობა.
„ირაკლი ალასანიამ პროვოკაციური და ინსინუაციური განცხადება გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა რაზეც იყო საუბარი“ –აღნიშნა თარგამაძემ და იქვე დაამატა, რომ რეზერვის შესახებ მან ჯერ კიდევ ორი თვით ადრე დაანონსა და ამის შესახებ სამხედრო ატაშეებსაც აცნობა.
გივი თარგამაძის თქმით, ალასანიას ამ განცხადების შედეგი სახეზეა, რადგან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მარიონეტული ხელისუფლების წევრები იდენტურ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ზღვარი იკარგება.
„დამკვეთი გასაგებია, შემსრულებლები – ქართველები და მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები კი, ერთმანეთში აირივნენ“ – აღნიშნა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თარგამაძემ.
