ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებელ ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებლით, საქართველო რეგიონის ლიდერია.
ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ კვლევითი პროექტის „ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები“, დასკვნით ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის პრეზენტაცია დღეს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
ორგანიზაციის დირექტორის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 15%-დან-17%-მდე მერყეობს, რაც საკმაოდ მაღალია, რადგან ნორმად 3% ითვლება.
ციხელაშვილის თქმით, რუსეთისა და ბელორუსის შემთხვევაში, ევროკავშირის ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებელი 1%-ია, მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში კი, 3%-დან 6 %-მდე მერყეობს. მაღალი მაჩვენებელი აქვს სომხეთსაც - 10%.
„ამის მიზეზი ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა დაადგინონ. ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს საქართველოში მიგრაციის, მათ შორის, არალეგალურის მაღალ დონესთან“ - განაცხადა ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოდან ბევრია თავშესაფრის მაძიებელი.
კვლევის თანახმად, 2009 წელს საქართველო ამ მაჩვენებლით მე-6 ადგილზე იყო, ახლა 10-ზეა.
ციხელაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოველივე ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკასაც უკავშირდებოდეს.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ თავისი ვარაუდი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნო, რადგან შიშობს, რომ ეს ყოველივე სამომავლოდ, შეიძლება სავიზო რეჟიმზე დიალოგში ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს.
