პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები კონტროლის პალატას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ოძელმა დღეს,
კონტროლის პალატის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმატებით, 2012 წლის 25 აპრილს პარტიის წევრებთან ერთად, იგი კონტროლის პალატაში დაიბარეს. დაბარებულებს შორის არიან - ლევან გვარმიანი, მამუკა ჯოლია, ლაშა გვასალია, მარლენ ხუცურაული და ბესიკ მამულაშვილი.
პარტიის წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნული პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
„პალატის თანამდებობის პირები გამოძახებულთა დაბნევის მიზნით, ერთსა და იმავე შეკითხვას რამდენჯერმე სვამდნენ. აშკარა ზეწოლით ცდილობდნენ მათთვის სასურველი პასუხების მიღებას“ - განაცხადა ოძელმა.
პარტიის წევრები კონტროლის პალატის აღნიშნულ ქმედებას თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ, რომელიც ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
დღესვე, „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერებმა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
