„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარსულის მენტალიტეტის პოლიტიკოსია.
მისი თქმით, პრეზიდენტს თავის გამოსვლებში დიდი ხანია ერთი სიმართლეც კი არ წამოსცდენია და ანალიზის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის შესაძლებლობები დღევანდელი პრეზიდენტისა და დღევანდელი ხელისუფლების შესაძლებლობებს რამდენჯერმე აღემატება.
„სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანას სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყნის უდიდესი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას. აშკარაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკვე ქვეყნის წარსულია და ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს “ - აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესებისაგან შორს დგას.
„პრეზიდენტი, რომელიც ვერ იტანს მოაზროვნეს, განსხვავებული პოზიციის ადამიანს, ირგვლივ მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს იკრებს და ამ გარემოში პირველობა უადვილდება - ეს უკვე წარსულია“- განაცხდა შაშიაშვილმა.
