„სახალხო კრება“ - ვანო მერაბიშვილმა მისდაუნებურად დაადასტურა, რომ 26 მაისის აქცია მშვიდობიანი იყო
„სახალხო კრება“ - ვანო მერაბიშვილმა მისდაუნებურად დაადასტურა, რომ 26 მაისის აქცია მშვიდობიანი იყო
16:19 27.04.2012
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისდაუნებურად დაადასტურა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქცია მშვიდობიანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი იყო.  ასე აფასებს „სახალხო კრება“ პარლამენტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სახალხო კრებიდან“ აცნობეს, მერაბიშვილმა განაცხდა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიციისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის არც ერთი ფაქტი.
„სახალხო კრებაში“ მიაჩნიათ, რომ ამით მან მისდაუნებურად დაადასტურა, რომ 26 მაისის აქცია იყო მშვიდობიანი, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი და „სახალხო კრების“ მომხრეებსა და აქციის სხვა მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ, მით უმეტეს, არანაირი წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გაუწევიათ.
„მაშინ რითი შეიძლება აიხსნას ის სისასტიკე, რომელიც 26 მაისს სპეცდანიშნულების რაზმებმა და ზონდერ-ბრიგადებმა გამოიჩინეს სადამსჯელო სპეცოპერაციის მოწყობისას? თუ ეს პოლიციელები არ იყვნენ, მაშინ ვინ იყვნენ 26 მაისის ღამეს სპეცფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც გადამეტებული ენთუზიაზმით ასრულებდნენ დანაშაულებრივ ბრძანებას აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯისა და წამების შესახებ?“ - აღნიშნავენ კრებაში.
„სახალხო კრების“ წარმომადგენელთა განცხადებით, შს მინისტრმა გუშინდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიციელის ქმედების გამო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ გარდაცვლილა არც ერთი მოქალაქე, 26 მაისის ღამის განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კი - ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
„სახალხო კრების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებას ნანახი აქვს ვიდეომასალა და თვითმხილველის პრესკონფერენციაც იმის შესახებ, თუ როგორ კლავენ სპეცრაზმელები ცემით „სახალხო კრების“ წევრს ნოდარ ცხადაძეს და არავის გაუქარწყლებია ეჭვი, რომ ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სწორედ დარბევის დროს, ცემით არიან გარდაცვლილები, შემდეგ კი - სახურავზე დატოვებულები.
კრების წარმომადგენელთა განცხადებით, როგორც ჩანს, მერაბიშვილი და თორდია სათვალავში არ იღებენ იმ ადამიანთა სიცოცხლეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები არ არიან.
„ვინაიდან არსებობს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც 26 მაისის ღამით ე.წ. ექსკორტის გასვლისას ადამიანთან შეჯახებას გამორიცხავს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა გახდა იმ პოლიციელის გარდაცვალების რეალური მიზეზი, რომლის სიკვდილსაც უსაფუძვლოდ აბრალიდნენ ე.წ. „ბურჯანაძის ექსკორტს“- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა