ნინო ბურჯანაძე - არასამთავრობოების ნაწილი სახელისუფლებო თამაშს შეხმატკბილებულად თამაშობს
ნინო ბურჯანაძე - არასამთავრობოების ნაწილი სახელისუფლებო თამაშს შეხმატკბილებულად თამაშობს
16:15 16.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სახელისუფლებო თამაშს შეხმატკბილებულად თამაშობს, - ასე შეაფასა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნის ინიციატივა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" გამოვიდა.
როგორც ბურჯანაძემ დღეს, "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ამგვარი სარჩელის შეტანის სურვილი ჰქონდათ, შეეძლოთ ეს გაცილებით ადრე გაეკეთებინათ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის აზრით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ჩათვლის, რომ გამარჯვების მეტი შანსი აქვს. "აქ არაფერ შუაშია არც სარჩელი და არც ის გადაწყვეტილება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რაც შეეხება "დემოკრატიული მოძრაობის" მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მაისში ჩატარდება, ამაზე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ მიიღებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომის ნაცვლად მაისში ჩატარდეს. 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს.

ბეჭდვა