ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მორიგი, რიგით-4 შეხვედრა 18 მაისს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, შეხვედრის შემდეგ თემად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო აგიტაციის გაწევის წესების ჩამოყალიბება განისაზღვრა.
„ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთი წესების ჩამოყალიბება ცენტრალურ სააჩევნო კომისიას ევალება. ჩვენი მიზანია ისინი პოლიტიკურ პარტიებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ შევიმუშაოთ. ეს არჩევნების დროს სანდო გარემოს შექმნისთვის დადებითი ფაქტორი იქნება“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ცესკო-ს, პოლიტიკური პარტიების, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ მე-3 შეხვედრას, მათ ქალაქში საარჩევნოდ სააგიტაციო მასალების განთავსების კონკრეტული ინიციატივები და რეკომენდაციები განიხილეს.
ხარატიშვილის თქმით, მხარეებს შორის საინტერესო საუბარი შედგა და კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდა.
„შემდეგი შეხვედრისთვის ამ რეკომენდაციებს ერთიანი სახით ჩამოვაყალიბებთ და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გავაცნობთ“ - აღნიშნა მან.
ცესკო-ს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის წინსაარჩევნო პერიოდში აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხადაჭერით იმართება.
