„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერები გიორგი ახვლედიანი და ჯაბა სამუშია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
მათ დაზარალებულ ოჯახებთან ერთად, ისნის რაიონში მდებარე ის მიწის ნაკვეთები მოინახულეს, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პერიოდში, მოსახლეობას მერიამ მოუზომა და ტერიტორიის დაკანონებას დაჰპირდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა და აღნიშნული მიწების გასხვისება დაიწყო.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის თქმით, ამ მიწებზე დავა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
„აუცილებელია სასამართლომ დაავალოს ფინანსთა სამინისტროს, რომ უახლოეს სამ თვეში შეიმუშავოს სპეციალური წესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატიული ბინათშენებლობის პროცესში დაზარალებული ოჯახების დავალიანების დაფარვას უზრუნველყოფს. აღნიშნული წესის დადგენის შემდეგ, ამ ადამიანების უფლებები დაცული იქნება, რადგან პროცესი კონკრეტული რეგულაციების ჩარჩოებში მოექცევა” – განაცხადა ახვლედიანმა.
