„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირველმა პირმა ვანო მერაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ყველა ფული უსუნო არ არის.
ეს შეფასება ვეფხვაძემ შს მინისტრის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას გააკეთა. პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი კაპიტალი და ინვესტიცია მისასალმებელია.
„ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირველმა პირმა სულ მცირე, ის უნდა იცოდეს, რომ ყველა ფული უსუნო არ არის. ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა ან შეიძლება ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, რუსულ სახელმწიფო კაპიტალს წარმოადგენს. სახელმწიფომ „ვითიბი“-ს კერძო აქციონერებისგან აქციების გამოსყიდვა უკვე დაიწყო, რუსეთი აღნიშნული კომპანიის შესყიდვას აპირებს. ამიტომ, ხელაღებით იმაზე საუბარი, რომ „ფულს სუნი არა აქვს“ ან არაკომპეტენტურობაა, ან გარკვეული უსუსურობის გამართლება“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
იგი მერაბიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ვლადიმერ სანაკოევს შეეხება.
„რაც შეეხება ვლადიმერ სანაკოევს, მერაბიშვილი ან იხტიბარს არ იტეხავს, როცა ამბობს, რომ მერე რა, რომ ეს კაცი რუსული სპეცსამსახურების აგნეტი იყო და ამით უნდა, ან შეცდომა გადაფაროს და საკუთარ სპეცსამსახურებს პირი მოსწმინდოს, ან პირდაპირ იწვევს რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში სამუშაოდ“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
სამთავრობო საათზე გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ვოვა სანაკოევმა რომ გადაწყვიტოს და თავის საქმიანობას დაუბრუნდეს, მას ამის საშუალებას მისცემენ.
ვანო მერაბიშვილის თქმით, ვოვა სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე დადებით როლს ასრულებდა და აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს.
