„ქრისტიან-დემოკრატებიდან“ გაყრილ ხალხს ბიძინა ივანიშვილი იფარებს - ეს განცხადება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა
ლევან ვეფხვაძემ საპარლამენტო ფრაქციის აპარატის ყოფილი უფროსის დავით ლორთქიფანიძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ვეფხვაძემ ლორთქიფანიძის ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა და განაცხადა, რომ 2008-2010 წლებში ლორთქიფანიძე ვანელებისთვის ფულის მოპარვაში იყო შემჩნეული.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ის ერთი თვის წინ ლორთქიფანიძეს ესაუბრა, რომელიც მიხვდა, რომ პარტიიდან გაუშვებდნენ.
„დათო ლორთქიფანიძის ბინძური საცვლების გამოფენას საჯაროდ არ ვაპირებდი, ვიდრე ამ საკითხზე თვითონ არ დაიწყო საუბარი“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ 3 თვის წინ ვანელებისგან შეიტყო, რომ „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ აგიტატორებისთვის გამოყოფილი ფული, ვანელების ნაწილმა არ მიიღო.
„რამდენი წაიღო ლორთქიფანიძემ არ ვიცი, მაგრამ ის ოქროსა და ვერცხლის მოყვარული კაცია და ახლაც ამან სძლია. ამ ადამიანისთვის არანაირ ღირებულებას არ აქვს ფასი. ღმერთმა შეარგოს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ადამიანები“ – განაცხადა პარლამენტარმა.
დავით ლორთიქფანიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. როგორც მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა, მოძრაობიდან მისი წასვლის მიზეზი „ქრისტიან-დემოკრატების“ პოლიტიკური კურსი გახდა. ლორთიქფანიძემ ქდმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
