ჯაბა სამუშია საარჩევნო სარეკლამო მასალის განთავსებისას თანასწორობას მოითხოვს
ჯაბა სამუშია საარჩევნო სარეკლამო მასალის განთავსებისას თანასწორობას მოითხოვს
13:44 27.04.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები წინასაარჩევნო პერიოდში, ქალაქში საარჩევნო სარეკლამო მასალის განთავსების საკითხში თანასწორობის  პრინციპის დაცვას მოითხოვენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატმა“ წევრმა ჯაბა სამუშიამ განუცხადა.

„წინა არჩევნებში ეს საკითხი ბევრ პრობლემას წარმოშობდა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ პარტიებს შორის თითქმის საქმის ე.წ გარჩევებამდე მიდიოდა. მომავალ არჩევნებში ხელისუფლებამ მთელი ქალაქი საკუთარი პლაკატებით არ უნდა ააჭრელოს, რომ მერე ჩვენ ადგილების ძებნა არ მოგვიწიოს“ - განაცხადა სამუშიამ.

„ქრისტიან დემოკრატების“ ინიციატივით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, თბილისში სპეციალური ბანერები უნდა დამონტაჟდეს, სადაც ყველა პარტიას საარჩევნო პლაკატის გაკვრისთვის ადგილი ექნება გამოყოფილი. ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ ოფისის შენობებზეც უნდა მიეცეთ პლაკატების გაკვრის უფლება, ხოლო ყველა სხვა შენობაზე პლაკატების განთავსება უნდა აიკრძალოს.

ინიციატივას ჯაბა სამუშია „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებს აცნობს. შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის იმართება.

მხარეები შეხვედრაზე ქალაქში სააგიტაციო მასალების განთავსების კონკრეტულ ინიციატივებს განიხილავენ. მრგვალი მაგიდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის ორგანიზებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხადაჭერით იმართება.


ბეჭდვა