დავით ლორთქიფანიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა
დავით ლორთქიფანიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა
12:38 27.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიების“ აპარატის უფროსი დავით ლორთქიფანიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა.

ის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფაჯნიკიძემ წარადგინა.

დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, პარტიიდან წამოსვლის მიზეზი ის პოლიტიკა გახდა, რასაც „ქრისტიან-დემოკრატები“ ახორციელებენ და რაც ხელისუფლების ეტაპობრივ ცვლილებას გულისხმობს. ლორთქიფანძე მიიჩნევს, რომ ეს არასწორი კურსია.

მისივე თქმით, პარტიიდან მისი წამოსვლის შემდეგ „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერები ვანში ამომრჩეველთან შესახვედრად ჩავიდნენ.

ლორთქიფანიძის განმარტებით, ეს ის რაიონია, სადაც თავად მუშაობდა.

„ვიზიტი ქდმ-ს ლიდერებმა ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლების დახმარებით განახორციელეს იმ ელექტორატთან ვისთანაც მე ვმუშაობდი. მათ ვანში ჩემს ელექტორატთან შეხვედრა ხელისუფლების ორგანიზებით მოახერხეს“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ის კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებიც „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარნენ, ესენია - ახვლედიანი, დოღონაძე და კორძაძე.

„მათი ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ქდმ-ში ჩათავალეს, რომ ვინც მე მიჭერდა მხარს ხელისუფლების დახმარებით გადაებირებინათ”- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ფანჯიკიძის განმარტებით, ლორთქიფანიძემ ფრაქციის დატოვების შემდეგ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფს მიმართა და ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად, პარტიის წევრი გახდა.

მისივე თქმით, ლორთქიფანიძემ სწორად შეაფასა სიტუაცია და ფსევდოოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ბეჭდვა